ეროვნული გმირი, რომელიც ანტიგმირობას ვერ უძლებს - რეშფორდმა კვალი დაკარგა

ეროვნული გმირი, რომელიც ანტიგმირობას ვერ უძლებს - რეშფორდმა კვალი დაკარგა

იყო პოპულარული ფეხბურთელი და თამაშობდე პრემიერ ლიგაში, თანაც "მანჩესტერ იუნაიტედში", ძალიან დიდი პრივილეგიაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლია მსოფლიოში რამე შეცვალო. შენ გაქვს პლატფორმა, რომ მიაწვდინო ხმა ნებისმიერს და პროგრესისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა. შეგიძლია უფრო ხმამაღლა საუბარი, ვიდრე უბრალო მოქალაქეს. შეგიძლია უფრო კრიტიკულად საუბარი, ვიდრე უბრალო მოქალაქეს. შეგიძლია საუბრით უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე უბრალო მოქალაქეს. ეს პლატფორმა ბევრ შესაძლებლობას გაძლევს და სამწუხაროდ, მას ცოტა თუ იყენებს ეფექტურად, თუმცა ასეთი ადამიანების რიცხვში ნამდვილად არ შედის მარკუს რეშფორდი.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული გმირი

მარკუსის საქმიანობებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და სანამ მის ქმედებებს გადავხედავთ, იქამდე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2021 წლის 9 ნოემბერი, როცა 24 წლის რეშფორდი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ჩინის ორდენით დააჯილდოვეს. ეს უდიდესი პატივია და ნათლად გვიჩვენებს, რომ რეშფორდის შრომას უსაფუძვლოდ არ ჩაუვლია. ყველაფერი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც რეშფორდმა წამოიწყო "In The Box" კამპანია და შობის პერიოდში უსახლკარო ადამიანებს საჭირო ნივთებს, საკვებს ურიგებდა. რეშფორდი ინგლისის საზღვრებს მალევე გასცდა და ბებიის სამშობლოში, სენტ-კიტსი და ნევისში, ბავშვთა სახლს გაუგზავნა სასაჩუქრე ყუთები.

რეშფორდმა ყველაზე დიდი კამპანია 2020 წლის მარტში, კოვიდის პირველი ლოქდაუნის პერიოდში დაიწყო და ბორის ჯონსონს (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) ბევრი რამ შეაცვლევინა. ახალგაზრდა ინგლისელი FareShare-თან გაერთიანდა და უგზავნიდა საკვებს იმ მოსწავლეებს, რომელიც სკოლიდან უფასო სადილს ვეღარ იღებდნენ, რადგან ლოქდაუნის გამო სახლში უწევდათ დარჩენა. 2020 წლის 11 ივნისს, რეშფორდმა პირველი შედეგებიც გაგვაცნო - მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამპანიის წყალობით 3 მილიონი სადილი დარიგდა, მომდევნო თვეში კი ეს რიცხვი 4 მილიონამდე გაიზარდა.

მარკუსი ამაზეც არ გაჩერებულა და 15 ივნისს მნიშვნელოვანი წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის მთავრობას. მალევე, მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ზაფხულის არდადეგების დროსაც კი მიიღებდნენ მოსწავლეები სკოლებისგან უფასო საკვებს. The Guardian-მა რეშფორდის ამ მიღწევას "პოლიტიკური მასტერკლასი" ("Political Masterclass") უწოდა. 

პატარა ინგლისელ ბიჭს საქმე აქ დაუსრულებია. მან ონლაინ პეტიცია შექმნა, რათა სკოლის უფასო საკვების რაოდენობა გაზრდილიყო, ბავშვებს მეტი პროდუქტი მიეღოთ, მათ შორის არდადეგების დროსაც. 10 საათის შემდეგ, პეტიციას 100,000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს, პირველ დღეს კი ჯამში 200,000-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარლამენტს ეს საკითხი უნდა განეხილა. პარლამენტის 61%-მა ამ პროექტზე უარი თქვა და კანონი ჩავარდა, მაგრამ რეშფორდმა გააკრიტიკა ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ცვლილებაზე უარი თქვა.

რამდენიმე კვირაში, რეშფორდმა დაიწყო თავისი სოციალური ქსელის გამოყენება კაფეების, ადგილობრივი ბიზნესის, საქველმოქმედო ფონდების პოპულარიზაციისთვის, რადგან კოვიდმა ბევრ მათგანს შეუქმნა დიდი პრობლემები.

2020 წლის 8 ნოემბერი - დღე, როცა რეშფორდი დიდი ბრიტანეთის გმირი გახდა და ყველა ადამიანმა შეიყვარა. მთავრობის განცხადებით, მარკუსის კამპანიიდან გამომდინარე, ისინი დათანხმდნენ, რომ შემდეგი 12 თვის განმავლობაში დახმარებოდნენ ყველა გაჭირვებულ ოჯახს და ამაში ჯამში 400 მილიონ ფუნტზე მეტი ჩაიდებოდა.

2021 წლის იანვარში, რეშფორდმა სოციალური ქსელის დახმარებით ისევ შეუტია მთავრობას, დაიწუნა მათ მიერ გაგზავნილი საკვების რაოდენობა, ხარისხი და ბორის ჯონსონი აიძულა, რომ ამ თემისთვის გადაეხედა. შედეგი მყისიერი იყო, პროდუქტების რაოდენობა ფაქტობრივად გასამმაგდა, რეშფორდმა კი შექება თავად ჯონსონისგან დაიმსახურა.

და რატომ აკეთებს რეშფორდი ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ის თავად გაიზარდა მანჩესტერის ღარიბ უბანში, ხშირად დღეში მხოლოდ ერთხელ თუ ჭამდა, მაგრამ მას ჰქონდა ოცნება. ოცნება, რომელსაც მუდმივი შრომით მიაღწია, წარსულს კი არ ივიწყებს. მარკუსმა კარგად იცის, სიტუაცია არ შეცვლილა და მას არ უნდა, რომ ბრიტანეთში იყვნენ მშიერი ბავშვები, რომლებსაც მისგან განსხვავებით ოცნებაც კი არ შეუძლიათ.

ფეხბურთი არასდროს დავიწყებია

სამწუხაროდ, ასეთი გმირული საქმეების კეთების დროს რეშფორდს ხშირად აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ჯობს მან ფეხბურთზე იფიქროს. მარკუსს კი არასდროს შეუწყვიტავს ფეხბურთზე ფიქრი, მუშაობა და სანუკვარი მიზნებისკენ სწრაფვა. ეს ინგლისელი ბიჭი მინდორზეც ისეთივე თავდადებულია, როგორც სტადიონს მიღმა. რეშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ტრავმით ჩაატარა და ოპერაციაზე უარი თქვა, რათა გუნდს მნიშვნელოვან მომენტში არ დაკლებოდა. ოპერაციაზე უარი თქვა, რათა ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაყოლოდა. ოპერაციაზე უარი თქვა, რადგან მას ეს თამაში განსაკუთრებულად უყვარს.ტრავმირებული რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და შესანიშნავად გამოიყურებოდა, სანამ არ დადგებოდა 2021 წლის 11 ივლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალი. დღე, რომელმაც რეშფორდი შეცვალა.

უემბლი, ინგლისი იტალიას მასპინძლობს და აქვს შანსი, რომ ისტორიაში პირველად იზეიმოს ევროპის ჩემპიონობა. ალბათ, ინგლისელები ამაზე კარგ ადგილს ვერ შეარჩევდნენ, თითქოს ყველაფერი საოცნებო სცენარით მიდიოდა, სანამ პენალტების სერიის შემდეგ იტალიელები გამარჯვებას არ იზეიმებდნენ, შერცხვილი, თავჩარგული ინგლისელები კი იმედგაცრუებულ ქომაგებს ვერ შეხედავდნენ.

ერთ-ერთი "ანტიგმირი" მარკუს რეშფორდიც იყო, რომელიც გარეთ საუთგეითმა მოედანზე პენალტის შესასრულებლად შეიყვანა, "იუნაიტედის" ვარსკვლავბიჭუნამ კი შანსი ხელიდან გაუშვა და საკუთარ კარიერაში ყველაზე დიდი ტკივილი იგრძნო. რეშფორდს ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა მიყვნენ, პატარა ბიჭებმა ინგლისს ჩემპიონობა ვერ მოუტანეს და ხელიდან გაუშვეს შანსი, რომელზეც, ალბათ, მთელი ბავშვობა ოცნებოდნენ.

პირველი რამდენიმე დღე ამ ბიჭებისთვის ურთულესი იყო, რადგან ყველა მხრიდან რასისტული შეძახილები და კრიტიკა ესმოდათ. გრძნობდნენ მხოლოდ ზიზღს და ალბათ, იმ მომენტში თვითონაც ეზიზღებოდათ საკუთარი თავი, რადგან ქვეყანა დააღალატეს. საბედნიეროდ, ეს მალევე შეიცვალა და ამ ბიჭებს თანადგომა გამოუცხადეს, მაგრამ ეს მათ ტკივილს ვერ შეცვლის. მარკუსს, ჯეიდონს და ბუკაიოს არასდროს დაავიწყდებათ ეს მომენტი. 

ვიტინგტონში, რეშფორდის ბავშვობის ქალაქში, მარკუსის მურალზე სალანძღავი სიტყვები ერთგული ქომაგების თბილმა წარწერებმა შეცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ უხეშ კომენტარებს მოჰყვა მანჩესტერში განთავსებული ამ სამეულის დიდი ფრესკა, წარწერით - "არასდროს მოიბოდიშო იმის გამო, ვინც ხარ."

ტკივილი მაინც ტკივილად დარჩა

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ახლა ვუყურებთ რეშფორდს, რომელსაც აღარ აქვს ძველებური ცეცხლი. თითქოს, მარკუსი მოედანზე იძულებით გადის და მწვრთნელს უბრალოდ უარს ვერ ეუბნება თამაშზე. ეს ძველი რეშფორდი არ არის და "იუნაიტედის" ფანები ამას მარტივად ამჩნევენ, რაც ძალიან მტკივნეულია.

ახალგაზრდა შემტევს ის ემოციები ჯერ კიდევ სახეზე აწერია და მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 1 დაწყევლილი პენალტი. რეშფორდი გმირად შერაცხეს და ქვეყანაში მას უდიდეს პატივს სცემდნენ, სანამ 1 დარტყმას არ გააცუდებდა. სიტუაცია 180 გრადუსით შემობრუნდა და ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის დამთესავი ადამიანი ანტიგმირი გახდა.

მარკუსზე ამან ძალიან დიდი კვალი დატოვა და ჯერაც ვერ გაურკვევია, რა ხდება, სად არის და რა ელის მომავალში.

ვიმედოვნოთ, რომ რეშფორდი ამ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს გადალახავს და ისევ ისეთივე ძლიერი დაგვიბრუნდება, როგორიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო.

1 კვირის წინ
207 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ