აფეთქებიდან ბურუსში - რონალდუს ეგომ "იუნაიტედი" ცუდ ხასიათზე გააღვიძა

აფეთქებიდან ბურუსში - რონალდუს ეგომ "იუნაიტედი" ცუდ ხასიათზე გააღვიძა

ბრუნო ფერნანდეშის მაგიური ფორმა ჰეთ-თრიქით გრძელდება, მგონი პოლ პოგბამაც გამოიღვიძა და საგოლე გადაცემების პოკერი შეასრულა, მეისონ გრინვუდი ახალ სეზონს გოლით ხსნის, რაფაელ ვარანი სცენაზე გამოდის და ქომაგებს ესალმება, ჯეიდონ სანჩოს საგა დასრულდა და ის უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაშობს, "ლიდსი" განადგურებულია და პრემიერ ლიგა მეგა პერფორმანსით იხსნება.

"წითელი ეშმაკებისთვის" სეზონი საოცნებო სცენარით დაიწყო და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ქომაგები კიდევ უფრო ბედნიერები გახდნენ? წარსულიდან ახალგაზრდა სერ ალექს ფერგიუსონს დელორენით ვერ გადმოიყვანენ აწმყოში, თუმცა არანაკლები რამ მოხდა.

უძღები შვილი, დიადი ლეგენდა, ქომაგების გულის დამწყვეტიც, თუმცა, მაინც, ერთ-ერთი სიმბოლო და ინგლისიდან წასვლის შემდეგ ყველაფრის მომგები ადამიანი სახლში დაბრუნდა. ალუბალი ტორტზე, ფაზლის უკანასკნელი ნაწილი და უსასრულობის ბოლო ქვა, ის აქ არის!

დასაწყისიც როგორი იყო? პრემიერ ლიგის კლასიკური დაპირისპირება, "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე "ნიუკასლს" მასპინძლობს და ქომაგები თვალებს ვერ უჯერებენ, ზოგს სიხარულის ცრემლებიც მოსდის. ოლდ ტრაფორდი ინგრევა, ეს ყველაფერი კი ერთმა ადამიანმა გამოიწვია, რომელიც არსად უყვართ ისე, როგორც აქ - კრიშტიანუ რონალდუ ფესვებს დაუბრუნდა!

თითქოს, "მანჩესტერისთვის" ეს დღეები პირადად დენი ვილნევმა შექმნა და ყოველი დეტალი მისი სცენარის ნაწილი იყო, აბა სხვაგვარად ასეთი იდეალური როგორ უნდა ყოფილიყო!? ტაიმის მიწურულს პირველი გოლი, მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი, გამაყრუებელი SIUUUU და აფეთქებული სტრეტფორდი.

მომდევნო მატჩი, მორიგი გოლი, თუმცა უკვე მძიმე გამარჯვება, ნელ-ნელა "იუნაიტედი" უკლებს, ოლე გუნარ სულშერს კი სიტუაციის შემოტრიალება უჭირს. კრიშტიანუ თავის სამეფოში საქმეებს პირადად აგვარებს - "ვილიარეალს", "ატალანტას" ბოლო წუთებზე აპწნის ქულებს, მაგრამ პრემიერ ლიგაში სრული ქაოსია და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი ოთხეულს საგრძნობლად შორდება.

უკვე ჩნდება კითხვები, წნეხი იზრდება, "იუნაიტედზე" მედიის და ქომაგების მხრიდან ზეწოლაა, გუნდი კი უფრო და უფრო მეტად ეშვება უფსკრულში.

წავიდა სულშერი, რამდენიმე დღით მაიკლ კერიკმაც მოსინჯა ძალები, ახლა კი რალფ რანგნიკია, რომელსაც ისეთი ქაოსი დახვდა, იქამდე რომ ვერ წარმოიდგენდა. ბორდიდან მწვრთნელებზე, მწვრთნელებიდან ფეხბურთელებზე, ახლა კი კონკრეტულად რონალდუზე გადაერთო მედია და მას მიიჩნევენ პრობლემის სათავედ, რაც რეალობასთან არც თუ ისე ახლოს არის.

რონალდუს Sky Sports-თან ინტერვიუ იმის პირველი დასტურია, რომ ეს გუნდი ამხელა გამოწვევისთვის მზად არ იყო. კრიშტიანუს არ სურდა (ან შეიძლება სულაც ეს იმალება მის სიტყვებში) ამის თქმა, მაგრამ შინაარსი კი ნამდვილად ეს არის - "იუნაიტედის" ფეხბურთელები მცირედს კმაყოფილდებიან და არ აქვთ გულში ის ცეცხლი, რომელიც რონალდუს და მთლიანად ძველ "მანჩესტერს" ჰქონდა.

ალბათ, სწორედ რომ კრიშტიანუს კარგი მახსოვრობაა "პრობლემა". სერ ალექსის ეპოქაში ხომ ყველა "მანჩესტერელს" განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა, მათი ცხოვრება მხოლოდ ვარჯიში და შემდეგ თამაში იყო, სადაც ქომაგები უნდა გაეხარებინათ. რონალდუ კევინ მაკალისტერი გახდა, სულშერი კი მისთვის უკანასკნელი მოჰიკანი იყო, რომელთან განშორებაც არ სურდა. ახლა ის სულ მარტოა, ძველი "იუნაიტედიდან" მხოლოდ ლოგო დარჩა.

"მე არასდროს მეშინოდა თქვენი. მე მეშინოდა იმის, რომ თქვენი იმედები არ გამეცრუებინა", - უთხრა პატრის ევრამ ფერგიუსონს. რონალდუ ასეთ ფეხბურთელებთან გაიზარდა, ისიც შრომას, მაქსიმუმის გაღებას მიეჩვია და ახლა ძალიან უჭირს სახე ცვლილი "იუნაიტედის" ყურება.

რონალდუს გული მხოლოდ "იუნაიტედის" გამო არ სტკივა, მას ახალი თაობა არ მოსწონს. "გენერაცია, რომელიც კრიტიკას არ იღებს", - რონალდუ სწორედ ასე ახასიათებს თანამედროვე მოთამაშეებს და ვერ გაურკვევია, რატომ არ მოსწონთ ახალგაზრდებს მოსმენა, როცა თავად სწორედ ასე იზრდებოდა. უფროსს მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს, რონალდუსაც სურს რომ მენტორი გახდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ყურს არ უგდებენ.

კრიშტიანუ რობოტია, რომელიც არ ჩერდება, მისთვის მაქსიმუმი არ არსებობს და სწორედ ამიტომ არის, რომ 36 წლის ასაკში საუკეთესო ათლეტია, ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს. რონალდუს სურს, რომ სხვების თვალებიც ისეთივე ანთებული იყოს, როგორც თავისი.

ამ ადამიანის მიზანი ოლდ ტრაფორდის სულის გაღვიძებაა, რომელიც სერ ალექსს თან გაჰყვა და სადღაც გამოქვაბულში ზამთრის ძილს მიეცა.

ბევრი რონალდუს ცილს წამებს, რომ თითქოს ეს ადამიანი იქცა პრობლემად, მის გამო შეწყვიტა "იუნაიტედმა" პროგრესი და გუნდმა სწორი გზიდან გადაუხვია, მაგრამ.. ამ კლუბს ხომ ტიტულები უკვე დიდი ხანია არ მოუგია, სულშერს პრობლემები გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ჰქონდა და ერთი რამ ნათლად ჩანდა - "იუნაიტედს" ლიდერი არ ჰყავდა. ბრუნო გადაიწვა, რეშფორდი მუდმივად ტრავმებით თამაშობდა, გრინვუდი კი შუქურის ასაღებად და სიბნელის გასაფანტად ზედმეტად ახალგაზრდაა.

კრიშტიანუ ის ფეხბურთელია, რომლის ყურებით ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება და როგორც ყოფილი ფეხბურთელები აღნიშნავენ, "იუნაიტედის" მოთამაშეები იღბლიანები არიან, რადგან ისინი ყოველდღიურად უყურებენ ამ ლეგენდას, მონსტრს.

CR7-ის ხასიათში დანებება არ ზის და მისი ყოველი სიტყვა იმის დასტურია, რომ ის აქ დიდი მისიით არის დაბრუნებული, რასაც "იუნაიტედის" სულის გაღვიძება ჰქვია. მისი ეგო და ხასიათი ცუდად მოხვდათ "მანჩესტერში", რადგან კრიშტიანუ მაქსიმალისტია და არ კმაყოფილდება მცირედს. 

კლუბს გამოღვიძება სჭირდებოდა, რადგან ეშმაკები ანგელოზები ხდებოდნენ და მანჩესტერი თავის სახეს კარგავდა. "იუნაიტედს" ახლა რთული დრო უდგას, მაგრამ ასეთი გადატრიალება საჭირო იყო, რათა გუნდი ფსკერზე არ დაშვებულიყო. ამაში რონალდუს წვლილი დიდია და ვინ იცის, იქნებ სწორედ მან დააბრუნოს "იუნაიტედი" მწვერვალზე. ერთი რამ კი ცხადია, კრიშტიანუ სახლში ამისთვის დაბრუნდა.

4 თვის წინ
422 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 46
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ