კლუბის პირველ სტადიონს „ნორს როუდი“ ერქვა, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ არ იყო შექმნილი საკმარისი პირობები. გასახდელები სტადიონისგან მოშორებით მდებარეობდა, ხოლო ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნისგან წარმოქმნილი სმოგი ართულებდა თამაშს. რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი გადავიდა ახალ სტადიონზე – „ბენკ სთრითზე“, სადაც წინა სტადიონთან შედარებით უკეთესი პირობები იყო. 1906 წლისთვის „ბენკ სთრითი“ 50,000 მაყურებელს იტევდა, თუმცა ქალაქის მზარდი მოსახლეობის და ასევე ფეხბურთის მზარდი პოპულარობის გამო, მოედანი ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. სტადიონის აშენება 60,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ის შოტლანდიელმა არქიტექტორმა – არჩიბალდ ლიტჩმა დააპროექტა. ახალი სტადიონი სახელად „ოლდ ტრაფორდი“, 1910 წლის 19 თებერვალს გაიხსნა და გახსნის მატჩში „იუნაიტედი“ „ლივერპულთან“ 4–3 დამარცხდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა. გუნდი რამდენიმე წლით თანაქალაქელი „მანჩესტერ სიტის“ მოედან „მეინ როუდზე“ გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ „ბოლტონ უონდერერსი“ 3–0 დაამარცხეს.
„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს 75,643 მაყურებელს იტევს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „უემბლის“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის. ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.
„ოლდ ტრაფორდის“ ყველაზე მასშტაბური გაფართოვება 2005 და 2006 წლებში მიმდინარეობდა, სტადიონს დაახლოებით 8000 ადგილი დაემატა. საერთო ჯამში კი მისი ტევადობა 74 310 ადგილამდე გაიზარდა. 2012 წელს სტადიონმა ლონდონის ოლიმპიადის საფეხბურთო მატჩებსაც უმასპინძლა, ხოლო 2022 წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწორედ ამ არენაზე გაიხსნა ინგლისისა და ავსტრიის ნაკრებების მატჩით.
ოლდ ტრაფორდის გამორჩეული ტრიბუნებია: სერ ალექს ფერგიუსონის ტრიბუნა (ჩრდილოეთი), სერ ბობი ჩარლტონის ტრიბუნა (სამხრეთი), სტრეტფორდ ენდი (დასავლეთი). ამ უკანასკნელზე ყველაზე ხმაურიანი ქომაგთა ჯგუფები იყრიან თავს.
2009 წელს გამოჩნდა პროექტი, რომელიც „ოლდ ტრაფორდის“ ტევადობის 95 000-მდე გაზრდას ემსახურება. ამ მაჩვენებლით სტადიონი ყველაზე ტევადი გახდება ინგლისის მასშტაბით, ხოლო პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი იქნება, თუმცა როდის განხორციელდება აღნიშნული ჩანაფიქრი, ჯერ უცნობია.