"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. მოარული ხმების მიხედვით, 30 წლის უკანახაზელს "წითელი ეშმაკების" თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს, რაც მას "ოცნებების თეატრის" დატოვებას აიძულებს.
საინტერესოა, რომ რაფა მედიაში "ბარსელონას" დაუკავშირეს.
Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, ინგლისიდან მომავალი ხმები იუწყებიან, რომ ვარანი "ემიუმ" სწორედ კატალონიურ გრანდს შესთავაზა.
მანკუნიელები ფრანგ ფეხბურთელს 20 მილიონ ფუნტად აფასებენ.
დაცვის ცენტრის გაძლიერება "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტული ამოცანა არ გახლავთ, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბი ამ შესაძლებლობით არ ისარგებლებს და სახსრებს სხვა პოზიციების გაუმჯობესებისკენ მიმართავს.
მიმდინარე სეზონში რაფაელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.