

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მესამე იჯარაც განახორციელა და მიუნხენის "ბაიერნიდან" მარსელ ზაბიცერი გადაიბირა.
ავსტრიელი ფეხბურთელის მოყვანა კრისტიან ერიქსენის ტრავმამ განაპირობა, რომელსაც 3 თვე გაუცდება, ერიკ ტენ ჰაგს კი მისი შემცვლელი სჭირდება.
ზაბიცერის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა ბრუნო ფერნანდეშმა, რომლის თქმითაც, ახალწვეულმა ყველას უნდა გაურთულოს შემადგენლობაში მოხვედრა.
"ზაბიცერთან ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩები ცუდად მახსოვს, რადგან მათ ტურნირიდან გამოგვაგდეს, თუმცა ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.
მას შეუძლია საჯარიმოს გარედან დარტყმა და დიდებული გოლების გატანა. ზაბიცერი მეტ არჩევანს მოგვცემს ნახევარდაცვაში, სანამ ერიქსენი ტრავმირებულია.
ის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც ყველას გაურთულებს ძირითადში მოხვედრას. მარსელმა თავადაც უნდა იცოდეს, რომ ახლა თავისი მაქსიმალურ დონეზე მოუწევს თამაში.
ვინც ძირითადში ვართ, ყველამ ვიცით, რა ფასი აქვს შემადგენლობაში მოხვედრას. სხვებიც იბრძვიან ამ ადგილებისთვის, ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
მოხარულები ვართ მისი აქ მოსვლით. ვფიქრობ, მას ჩვენი დახმარება შეუძლია. მალე მასთან გავისაუბრებ და უკეთ გავიცნობ", - განაცხადა ბრუნომ.
"იუნაიტედის" ახალწვეულმა სამუშაო ვიზა უკვე მიიღო, შესაბამისად მას "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ თამაში შეეძლება.



