რაფაელ ვარანმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ 29 წლის ასაკში სანაკრებო კარიერას ასრულებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და სანაკრებო დონეზე, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.
"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივი იყო დეკადის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის თამაში.
თითოეულ ჯერზე, როდესაც ამ განსაკუთრებულ ლურჯ მაისურს ვიცვამდი, ვგრძნობდი სიამაყეს. მქონდა ვალდებულება, გამეღო ყველაფერი, მეთამაშა გულით და მოგვეგო თითოეული შეხვედრა.
ამაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ ახლა სწორი დროა, რათა სანაკრებო ფეხბურთიდან წავიდე.
ძალიან მომენატრება ეს მომენტები, მაგრამ ახალ გენერაციას უნდა დავუთმო ასპარეზი. ჩვენ განსაკუთრებული ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, ისინი მზად არიან და შანსს იმსახურებენ", - წერს რაფა.
შეგახსენებთ, რომ ვარანი 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამოცდილი მცველის სანაკრებო დებიუტი 2013 წლის მარტში შედგა, მას შემდეგ კი 93 მატჩს მოუყარა თავი.