"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "სევილიასთან" მატჩი ძალიან უიღბლო გამოდგა, გუნდმა ორივე ცენტრალური მცველი დაკარგა.
ლისანდრო მარტინესმა ოპერაცია გაიკეთა და სეზონი დაასრულა, რაფაელ ვარანს კი მინიმუმ 3 კვირა გაუცდება.
შესაბამისად, ერიკ ტენ ჰაგის განკარგულებაში მხოლოდ ჰარი მაგუაიერი და ვიქტორ ლინდელოფი დარჩნენ.
მედიაში ბევრი იწერებოდა ფილ ჯონსის შესაძლო დაბრუნებაზე, რომელიც ისევ "იუნაიტედში" ირიცხება, თუმცა ეს ვერ მოხდება.
პირველ რიგში, ვეტერანი მცველი "მანჩესტერს" პრემიერ ლიგაში არ დაურეგისტრირებია, ამიტომ მისი ახლა გამოყენება შეუძლებელია.
ამასთან ერთად, ჯონსი ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში, მას 1 სავარჯიშო სესიაც კი არ ჩაუტარებია.
ფილმა ზაფხულში ბევრი იმუშავა დაბრუნებაზე, მაგრამ პრე-სეზონის პირველივე დღეს მუხლზე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმობს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელ მცველს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.