2 წლის და 7 თვის წინ
ბიჭი ჯოჯოხეთიდან | ანტონის განვლილი გზა დიდ ფეხბურთამდე
ბიჭი ჯოჯოხეთიდან | ანტონის განვლილი გზა დიდ ფეხბურთამდე
ავტორი
Aa

მე დავიბადე ჯოჯოხეთში. ეს ხუმრობა არ არის. ჩემი ევროპელი მეგობრებისთვის, ვინც არ იცის, მე გავიზარდე ფაველაში, ამ ადგილს "ინფერნინიოს" უწოდებენ - "პატარა ჯოჯოხეთი".

თუ გინდა გამიცნო, მაშინ უნდა გაიგო, საიდან მოვდივარ. ჩემი ისტორია. ჩემი ფესვები. ინფერნინიო.

ეს სამარცხვინო ადგილია. ჩემი სახლის კარიდან 15 ნაბიჯში იყვნენ ნარკო დილერები, რომლებიც უცვლიდნენ ხალხს ნივთებს. ფანჯრიდან მუდამ შემოდიოდა სუნი. ჩემი ერთ-ერთი უძველესი მოგონებაა, როცა კვირა საღამოს მამაჩემი ადგა სავარძლიდან და ქუჩაზე სხვებს ხმაურის გამო უყვირა, რადგან ჩვენ ფეხბურთის ყურებას ვცდილობდით.

მიჩვეულები ვიყავით იარაღის ხილვას, ეს არც გვაშინებდა. იარაღი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ჩვენ პოლიციის უფრო გვეშინოდა. ერთხელ, ისინი ჩვენს სახლში შემოიჭრნენ, ყვიროდნენ, დარბოდნენ და ეძებდნენ ვიღაცას, თუმცა ვერაფერი იპოვნეს. როდესაც პატარა ხარ, ასეთი მომენტები გამახსოვრდება.

რა აღარ მინახავს.. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც იქ უცხოვრია. ერთ დილას, 8-9 წლის ასაკში, სკოლისკენ მივდიოდი, ხეივანში კი ძირს დაგდებული ადამიანი დავინახე. არ მოძრაობდა. მივუახლოვდი და მივხვდი, ის მკვდარი იყო. ფაველაში ასეთ მომენტებს ეჩვევი. სხვა გზა არ მქონდა, თვალები დავხუჭე, გარდაცვლილს გადავაბიჯე და სკოლაში წავედი.

არ ვცდილობ, ეს მძიმედ ჟღერდეს. ეს ჩემი ცხოვრება იყო. რეალურად, მე იღბლიანი ბავშვი ვიყავი, რადგან ყველა პრობლემის მიუხედავად, სამოთხიდან მომანიჭეს უნარი. ბურთი ჩემი მხსნელი იყო. ჩემი სიყვარული აკვნიდან. ინფერნინიოში, არ გვაინტერესებს საშობაო სათამაშოები. ნებისმიერი ბურთი, რომელიც დაგორავს, ჩვენთვის იდეალურია.

ყოველდღე, უფროს ძმას ფეხბურთის სათამაშოდ მივყავდი. ფაველაში ყველა თამაშობს ფეხბურთს. კაცი, მოხუცი, მასწავლებელი, მუშა, ავტობუსის მძღოლი, ნარკორეალიზატორი, განგსტერი. მინდორზე ყველა თანაბარია. მამაჩემის დროს იქ მტვრიანი მინდორი იყო, ჩემს დროს - ასფალტი.

დასაწყისში, ფეხშიშველა ვთამაშობდი და სისხლი მომდიოდა. კარგი ფეხსაცმლისთვის ფული არ გვქონდა. პატარა ვიყავი, მაგრამ ღვთისგან მონიჭებული დრიბლინგი მქონდა, ეს ყოველთვის იყო ჩემში.

"დრიბლინგი ჩემი ნატურალური ინსტიქტია, თავს არავის ვუხრიდი. ვუკეთებდი ელასტიკოს ნარკო დილერს. ბურთს თავზე ვუგდებდი ავტობუსის მძღოლს. ფეხებს შორის ვუძვრენდი ქურდს. მე არავინ მაინტერესებდა."

მე არაფრის მეშინოდა, როცა ბურთი მქონდა.

ჩემი ყველა მოძრაობა ლეგენდებისგან ვისწავლე. რონალდინიო, ნეიმარი, კრიშტიანუ. მათ იუთუბზე ვუყურებდი, "ბიძა" ტონიოლოს დამსახურებით. ის არა სისხლით ბიძა, არამედ კარის მეზობელი იყო, მაგრამ ისე მექცეოდა, როგორც ოჯახის წევრს.

როდესაც პატარა ვიყავი, ის მაძლევდა WiFi-ს "მოპარვის" საშუალებას, შემდეგ კი იუთუბზე ვიდეოებს ვუყურებდი და საფეხბურთო განათლებას ვიღებდი. ტონიოლომ მაჩუქა პირველი ვიდეოთამაშიც. მას რომ ორი ნაჭერი პური ჰქონოდა, ერთს თვითონ ჭამდა, მეორეს ჩვენ გვაძლევდა. ეს არის ის, რაც ხალხმა არ იცის ფაველაზე. ფაველაში ყოველ 1 ცუდ ადამიანზე, 2 კარგი ადამიანი მოდის.

მე ყოველთვის ვამბობ - გავიზარდე არასწორ ადგილას, სწორ ხალხთან ერთად. როცა 8 წლის ვიყავი, ცხოვრებაში პირველი ანგელოზი გამოჩნდა. მოხუცი კაცი გიჟივით უყურებდა ჩემს მოძრაობებს განგსტერების წინააღმდეგ. ის ხალხს შეუტრიალდა.

"ვინ არის ეს ბავშვი??"

"ბავშვი? ანტონი"

ეს ადამიანი "გრემიოს" დირექტორი, ბარუერი იყო. მან მომცა იქაურობის დატოვების და ფუტსალის თამაშის პირველი შანსი. შემდეგ, დავიწყე ოცნება. მახსოვს, ერთ დღეს დედასთან ერთად მივდიოდი, როცა ჩვენს უბანში ლამაზი, წითელი მანქანა დავინახე. რეინჯ როვერი, თუმცა ჩემთვის ისეთივე, როგორც ფერარი. ყველა მას უყურებდა, სიგიჟე იყო.  

დედას შევუტრიალდი და ვუთხარი - "ერთ დღეს, როცა ფეხბურთელი ვიქნები, ამ მანქანას ვიყიდი."

მან გაიცინა, რა თქმა უნდა.

მე სერიოზული ვიყავი.

ვთქვი - "არ იღელვო, ცოტა ხანში ამ მანქანის ტარებას შეძლებ."

იმ დროს, საწოლში მშობლებს შორის ვიწექი. არ გვქონდა ფული, რათა ჩემთვის ცალკე საწოლი გვეყიდა. ყოველ ღამე, ვტრიალდებოდი და ვხედავდი მამას. შემდეგ, ვტრიალდებოდი მეორე მხარეს და ვხედავდი დედას. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, ეს დაგვეხმარა გადარჩენაში. შემდეგ, მოხდა რაღაც, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

11 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტია, რადგან იქამდე ერთმანეთი მაინც გვყავდა. ვტრიალდებოდი საწოლში დედის მხარეს და ის იქ აღარ იყო. ამან გამანადგურა, თუმცა მომცა ძალიან დიდი მოტივაცია. ვხუჭავდი თვალებს და ვფიქრობდი - "მე ოჯახს აქედან გავიყვან."

მამა სამსახურში დილის 5-ზე მიდიოდა და საღამოს 8-ზე ბრუნდებოდა. მას ვეუბნებოდი - "ახლა შენ ჩემთვის შრომობ. მალე, მე ვიშრომებ შენთვის."

ჟურნალისტებთან საუბრისას, ისინი მუდამ გეკითხებიან ოცნებებზე. ჩემპიონთა ლიგა? მსოფლიო ჩემპიონატი? ოქროს ბურთი?

ესენი არ არის ოცნებები. ესენი არის მიზნები. ჩემი ერთადერთი ოცნება იყო ოჯახის ფაველადან გაყვანა. გეგმა B არ მქონდა. მე ამას გავაკეთებდი ან მცდელობაში მოვკვდებოდი.

14 წლისამ "სან პაულოში" მივიღე შანსი. ყოველდღე, სკოლის შემდეგ, აკადემიაში მივდიოდი ცარიელი მუცლით. ზოგჯერ, თუ კარგი დღე იყო, მე და ჩემი თანაგუნდელები ფულს ვაგროვებდით და ვყიდულობდით ნამცხვრებს. არ მიწევდა მოტივაციისთვის თავის ისე მოჩვენება, თითქოს მშიოდა. ეს შიმშილი რეალური იყო.

ჩემში იყო ინტენსივობა - შეიძლება ითქვას, რომ ბრაზიც. ემოციებთან დაკავშირებით მქონდა პრობლემები. 3 სხვადასხვა დროს, კინაღამ კლუბიდან გამომიშვეს. მე ვიყავი გასარიცხთა სიაშიც. და 3 სხვადასხვა დროს, კლუბმა მხარი დამიჭირა. მათ მთხოვეს დარჩენა. ეს იყო ღმერთის გეგმა.

ძალიან გამხდარი ვიყავი, მაგრამ თამაშისას "თვალებში სისხლი" მქონდა. ეს ინტენსივობა ქუჩიდან მოდის, ამას ვერ მოიტყუები. ხალხი ფიქრობს ვცრუობ, როცა ვამბობ, რომ სადებიუტო თამაშის ჩატარების შემდეგ ისევ ფაველაში ვცხოვრობდი. არა, არა - ეს სიმართლეა - 18 წლის ასაკში, ისევ მამასთან ერთად მეძინა. საწოლში ან სავარძელზე, სხვა არჩევანი არ გვქონდა. 2019 წელს, პაულისტას ფინალში "კორინთიასს" გავუტანე, მე კი პირდაპირ სახლში დავბრუნდი, ხალხი ჩემსკენ იშვერდა ხელს.

"ახლახანს ტელევიზიაში გნახე, აქ რას აკეთებ???"

"ძმაო, მე აქ ვცხოვრობ."

ყველა იცინოდა. მათ არ სჯეროდათ.

1 წლის შემდეგ, "აიაქსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდი. ასე მალე შეიცვალა ყველაფერი. მე მქონდა არა მხოლოდ საკუთარი საწოლი, არამედ რეინჯ როვერიც დედაჩემის ავტოფარეხში. მას ვუთხარი - "ხედავ? გითხარი, რომ მივაღწევდი. და მივაღწიე."

როცა ამას დავპირდი, 10 წლის ვიყავი, მას გაეცინა.

ახლა, როცა ამას ვახსენებ, ტირის.

3 წელიწადში, ღარიბი უბნიდან "აიაქსში", შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავედი. ხალხი ყოველთვის მეკითხება, ეს ასე სწრაფად როგორ მოვახერხე. გულახდილად, იმიტომ, რომ მე მინდორზე წნეხს არ ვგრძნობ. არც შიშს. შიში? რა არის შიში? როცა ბავშვობაში მკვდარ სხეულებზე გიწევს გადაბიჯება, რათა სკოლაში წახვიდე, ფეხბურთში ვეღარაფერი შეგაშინებს. მე ისეთი რაღაცები მინახავს, რასაც ზოგიერთი საფეხბურთო ექსპერტი მხოლოდ თუ წარმოიდგენს. არის რაღაცები, რისი დავიწყებაც არ შეგიძლია.

ცხოვრებაში, ჩვენ საკმარისად ვიტანჯებით. საკმარისად ვდარდობთ. საკმარისად ვტირით.

მაგრამ ფეხბურთში? როცა ბურთი გაქვს, მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო. მე დავიბადე დრიბლინგით. ეს ჩემი ფესვების ნაწილია. ეს არის საჩუქარი, რომელმაც ღარიბი ქუჩიდან ოცნებების თეატრში წამიყვანა. მე არასდროს შევიცვლები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩემი სტილი, ეს მე ვარ. ეს ჩემი ნაწილია. ჩვენი, ბრაზილიელების ისტორიის ნაწილი. თუ ჩემი თამაშის 10-წამიან კლიპს შეხედავ, ვერაფერს გაიგებ. მე არაფერს ვაკეთებ გასართობად. ყველაფერს აქვს მიზანი. თამამად წავიდე წინ, ჩავუნერგო მეტოქეს შიში, შევქმნა სივრცე და მოვუტანო გუნდს სხვაობა.

თუ ფიქრობ, რომ უბრალოდ კლოუნი ვარ, მაშინ ჩემი ისტორია არ გესმის. ინსპირაცია რონალდინიოს, კრიშტიანუს და ნეიმარის ხელოვნებამ მომცა. გაოგნებული ვუყურებდი ამ ღმერთებს მოპარულ WiFi-ზე, შემდეგ კი ბეტონის მოედანზე ვცდილობდი იგივეს გაკეთებას.

მაშინაც კი, თუ ჯოჯოხეთში იბადები, ეს მცირე საჩუქარია სამოთხიდან.

როდესაც ხალხი მეკითხება - "რა აზრი აქვს შენს სტილს? რა შეტყობინებას გზავნი?"

ძმაო, მე მესიჯს სახლში ვგზავნი.

ევროპაში, სადაც ყოველ საღამოს მაგიდაზე პური დევს, ხალხი ვერ ხვდება, რომ ფეხბურთი თამაშია. ლამაზი თამაში, თუმცა მაინც თამაში. ეს ცხოვრებაა სერიოზული, იმათთვის მაინც, ვინც მსოფლიოს მცირე ჯოჯოხეთში დავიბადეთ.

მე ყოველთვის ვამბობ, რაც არ უნდა მოხდეს, წარმოვადგენ იმ ადგილს, სადაც ყველაფერი ვისწავლე. ჩემი სახლის და ხალხის გარეშე, არაფერს აქვს ფასი. ყოველი მატჩის წინ, ჩემს ბუცებზე ერთ წარწერას ვაკეთებ.

"ფაველა."

როდესაც თასმებს ვიკრავ, მახსენდება ფაველა. მახსენდება ყველაფერი. 

ეს არის ჩემი ისტორია. თუ მაინც ვერ გამიცანი და ისევ ფიქრობ, რომ კლოუნი ვარ, მაშინ მიგითითებ ჩემს ტატუზე, რომელიც მხარზე მაქვს...

"ვინც ფაველადან მოდის, მხოლოდ მან იცის, რა გამოვიარე."

ეს სიტყვები საუბრობს ჩემზე, ჩვენზე, ყველაზე.

ანტონი, The Players Tribune.


Facebook კომენტარები